პუტინი ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა არ აპირებს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობას, რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვას დათანხმდეს. ინფორმაცია "როიტერმა" გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ პუტინის პირობაა, უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.
"როიტერს" კრემლთან დაახლოებული სამი კონფიდენციალური წყარო უდასტურებს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ვაჭრობა გაიმართება იმ საკითხზე, თუ სად გაივლის გაყინული კონფლიქტის ახალი ხაზი. ამასთან ერთად სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიტაცებული ტერიტორიების 70 პროცენტს სრულად აკონტროლებს, მოლაპარაკებების პროცესში კი შესაძლოა მხოლოდ ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებიდან გავიდეს.
ცოტა ხნის წინ საკითხზე პუტინის პრესსპიკერმაც ისაუბრა. პესკოვის განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა რუსეთის ინტერესში არ შედის, თუმცა პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.