თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა კაია კალასის განცხადება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებისკენ, დამოუკიდებელი მედიებისა და ქართველი ხალხისკენ.
მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ რეალურად, უცხოეთიდან შემოსული ფული ხალხის ნაცვლად, რადიკალურ ჯგუფებს მოხმარდება. ოპოზიცია კი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, მესამე სექტორისა და სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს, მთავარი ბრძოლის ხაზი ქართველ ხალხზე გადის, რაც კაია კალასმა კიდევ ერთხელ აჩვენა.
"კაია კალასი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი გადის დღეს ქართველ ხალხზე და იმ სახალხო პროტესტზე, რომელიც დემოკრატიის დასაცავად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს. მთელი მხარდაჭერა ქართველი ხალხის კუთხით, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო სექტორის, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ალხის ბრძოლას აქვს მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.