17 დეკემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დასრულებულია - მსჯელობა სტრასბურგში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დასრულებულია. მსჯელობა სტრასბურგში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

სიტყვით გამოსვლები ჰქონდათ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. იმ ევრო დეპუტატებმა, რომლებიც გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდნენ, კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიციები გააცნეს.

"უპრეცედენტო პროტესტი მოყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადებას, აღარ აწარმოონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მკაფიოდ უხვევს მისი ევროპული გზიდან. საქართველოში ვითარება უარესდება, გასული ორი კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი პირი დააკავეს. ეს მოვლენები ცალკეული ინციდენტები არ არის, არამედ ნაწილია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის უფრო ფართო სურათისა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აღინიშნებოდა სერიოზული დარღვევები. ხელისუფლებამ მიიღო უცხოური გავლენის შესახებ კანონი და ე.წ. ოჯახური ღირებულებების საკანონმდებლო პაკეტი. ეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივა წინააღმდეგობაშია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. პატივცემულო წევრებო, დროა, ევროკავშირმა გადამწყვეტი რეაგირება იქონიოს და თან ერთიანი ფორმით," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, დუბრავკა შუიკამ.

დარბაზში ისმოდა კრიტიკა "ქართული ოცნების" მისამართით.

"საქართველო ხდება სახელმძღვანელო, თუ როგორ შეუძლია რუსულ გავლენას დემოკრატიული სისტემა გადააქციოს ავტორიტარულ რეჟიმად ტყვიის გასროლის გარეშე, მაგრამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან. ჩემი ჯგუფის, "ევროპის სახალხო პარტიის" პოზიცია ნათელია – საპარლამენტო არჩევნები მოპარული იქნა. საქართველოს დასახმარებლად სხვა გზას ვერ ვხედავთ, თუ არა ახალი არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, მანამდე, ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები ინდივიდებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არჩევნების გაყალბებაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში," - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვიდან, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარების ნაწილმა კი განაცხადა, რომ დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო და შერჩევითია.

 

 

 

 

 

დღის ამბები