17 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ინდივიდუალურად ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს" - ლანა გალდავა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა თბილისში. ოპოზიცია უნგრეთსა და სლოვაკეთს აკრიტიკებს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება დაბლოკეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესების მოლოდინი აქვთ.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთის მოკავშირე ქვეყნები არიან.

"ევროკავშირში არის ის ორი ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ინდივიდუალურად ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს, იმის მსგავსად, როგორც ეს დაწესდა ბალტიის ქვეყნების მხრიდან. ფაქტი არის ერთი, ევროკავშირის კარი არის ღია ქართველი ხალხისთვის," - აცხადებს ლანა გალდავა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ უნგრეთიც და სლოვაკეთიც გამოირჩევიან როგორც ანტი უკრაინული ნაბიჯებით, ისე შიდა ევროპულ წინააღმდეგობაში მოდიან რამდენიმე წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან.  

"სამწუხაროდ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერები ბატონი ორბანის და ფიცოს სახით, მუდმივად მხარს უჭერენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. მე თავს შევიკავებდი მათი, როგორც პრორუსული სახელმწიფოებისგან შეფასებისგან, მაგრამ ისინი გამოირჩევიან როგორც ანტი უკრაინული ნაბიჯებით, ისე მუდმივად შიდა ევროპულ წინააღმდეგობაში მოდიან რამდენიმე წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან," - ამბობს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები