მეოთხე წელია ბაკურიანის ყოფილი გამგებელი ვალიკო აბრამაშვილი პარლამენტარ გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. აბრამაშვილი თანხის, დაახლოებით 280 ათასი დოლარის დაბრუნებას ითხოვს.
აბრამაშვილის თქმით, ბაკურიანში გოგი თოფაძესთან ერთად, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს წამოიწყო. საამისოდ დააფუძნეს კომპანია თრიალეთი, სადაც 50-50 პროცენტიანი წილის მფლობელები, მათი შვილები, იასონ აბრამაშვილი და ირაკლი თოფაძე იყვნენ. მშენებლობაში თანხა ორივე პარტნიორს უნდა ჩაედო.
2007 წელს აბრამაშვილი სხვა საქმის გამო დააპატიმრეს. ამის გამო, მისმა ოჯახმა კუთვნილი 50 პროცენტიდან, 49,5 პროცენტი საკუთარი სურვილით, თოფაძის ოჯახს, ფიქტიურად გადაუფორმა.
აბრამაშვილი ამბობს, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, თოფაძეს კუთვნილი წილი მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ საჯარო რეესტრის დოკუმენტები შეამოწმა და გაარკვია, რომ თოფაძის ოჯახმა, მისი კუთვნილი ნახევარი პროცენტიც, მისი აზრით, გაყალბებული კრების ოქმითა და სანოტარო დოკუმენტით გადაიფორმა.
გოგი თოფაძის ადვოკატი, სტუდია მონიტორის ფილმში, ამტკიცებს, რომ აბრამაშვილებს საკურორტო გასართობი კომპლექსის მშენებლობაში, თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.