82 ხმით ირაკლი შოთაძე პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით დაამტკიცა. ორდღიანი განხილვის შემდეგ, მის კანდიდატურას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
ახალმა პროკურორმა საკუთარი გეგმების შესახებ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილაპარაკა. გახმაურებული მკვლელობების გამოძიების არ სჯერათ ოპოზიციის წევრებს.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძე მხოლოდ ხელისუფლებისა და ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებს. პროკურორის კანდიდატურას ფრაქციამ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.
უმრავლესობაში კი ახალ პროკურორს ნდობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს მიმდინარე გამოძიებები.
კენჭისყრას წინ პოლიტიკური დებატები უძღვოდა, რამაც ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა.
უმრავლესობის წარმომადგენლები აქცენტს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე აკეთებდნენ, ოპოზიციის წევრები კი ხელისუფლებას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებდნენ.
ავტორები: სოფო ვარდიაშვილი, ანა წერეთელი.