კიდევ ერთი ბრალდება სამართალდამცველების მიმართ. ამჯერად საქმეში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილება ფიგურირებს. სადაც დაახლოებით ორი თვის წინ შეცდომით დაკავებული მიიყვანეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ირაკლი ხოფერიაზე განყოფილებაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ხოფერია ამჟამად თავისუფალია, თუმცა პროკურატურა მას დაზარალებულად არ აღიარებს.
საიაში აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ შეცდომით დაკავების ფაქტები ხშირია. ასოციაციაში მსგავსი ათობით საქმე აქვთ. ახალგაზრდა იურისტებმა დაზარალებულების უფლებების დასაცავად პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს - პროკურორის მიერ პირის დაზარალებულად არ ცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულზე, ნებისმიერ მოქალაქეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება ჰქონდეს.
როდის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო ახალგაზრდა იურისტების წინადადებაზე, ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურაში კომენტარს საქმის დასრულებამდე არ აკეთებენ. სტუდენტი ირაკლი ხოფერია მასზე ზეწოლაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების დასჯას ელოდება.