19 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
აშშ-ის მიერ ISIS-ის პოზიციების დაბომბვის შედეგად ლიკვიდირებულია სულ მცირე 36 ტერორისტი

ამერიკულმა ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი იარაღით დაბომბა. GBU-43 ტიპის ბომბი, რომელსაც სხვაგვარად ბომბების დედას უწოდებენ, ამერიკელმა სამხედროებმა პაკისტანთან მოსაზღვრე რეგიონში, ავღანეთის პროვინცია - ნანგარჰარში გამოიყენეს. ავიაციის სამიზნე აჩინის რაიონში, ტერორისტების გვირაბები გახდა.

თეთრ სახლში ოპერაციიის სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. განცხადება ჩატარებული ოპერაციის შესახებ არც პენტაგონში გაკეთებულა. ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებზე ინფორმაციას მხოლოდ ავღანელი ძალოვანები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად განადგურდა ISIS-ის სამი გვირაბი და საბრძოლო საშუალებების დიდი მარაგი, ლიკვიდირებულია სულ მცირე 36 ტერორისტი, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან კი მსხვერპლი არ არის.

დონალდ ტრამპმა ჩატარებულ ოპერაციას წარმატებული უწოდა და სამხედროებს მადლობა გადაუხადა. მისიის ჩატარებაზე ბრძანების გაცემამდე კი, დონალდ ტრამპმა გეგმა ავღანელ კოლეგასთან შეათანხმა და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპერაციაში ავღანელი სამხედროებიც იყვნენ ჩართული და მისია ბოლო პერიოდში ავღანეთში ტერორისტების გააქტიურების გამო დაიგეგმა. მითუმეტეს, რომ აჩინის რაიონში ავიაიერიშამდე რამდენიმე საათით ადრე, სწორედ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტზე, რომელიც ქაბულში, ავღანეთის თავდაცვის უწყებასთან მოხდა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები