ხმაური და დაპირისპირება მასწავლებლებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის 162-ე სკოლაში - პედაგოგები და მშობლები იმ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 162-ე საჯარო სკოლის შენობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხუთი დაწყებითი კლასი უნდა განთავსდეს. 162-ე სკოლის პერსონალი აცხადებს, რომ ეს მათი სასწავლებლის გაუქმების წინაპირობა იქნება.
მემორანდუმი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან მასწავლებლების თქმით, საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა. მათი ინფორმაციით, 162-ე სკოლის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ისე მოაწერა, რომ კოლექტივს ინფორმაციაც არ მიაწოდა.
სკოლის დირექტორის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება დღეს მასწავლებლების და მშობლებისთვის რადიკალური პროტესტის მიზეზი გახდა. პედაგოგები დღეს გაკვეთილებზე არ შევიდნენ და მოქმედი დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. კოლექტივის გავრცელებულ განცხადებაში კი, მთავარი პუნქტი გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ეხება.
განათლების მინისტრი ჯეჯელავა აცხადებს, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან და ისინი ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პროტესტის გამო შესაძლოა, ეს მემორანდუმი საერთოდ გაუქმდეს.