ენერგეტიკის სამინისტროში ხანდოს ხეობის ოთხი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა დასრულებულია. სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარკებები საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ადგილობრივების თქმით, მოლაპარაკება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე შედგა. მათი თქმით, გადაწყდა, რომ ენერგეტიკის მინისტრი უახლოეს პერიოდში ადგილზე ჩავა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი უცნობია, როდის გაემგზავრება კახი კალაძე ხანდოს ხეობაში.
ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ სამინისტროში ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის მმართველმა, სულხან ზუმბურიძემ, განაცხადა, რომ ხანდოს ხეობასა და ფასანაურში სამუშაოები გარკვეული პერიოდი არ განახლდება. მან ასევე განმარტა, რომ სოფელ მუგუდაში სასაფლაოების გადათხრა არ მოხდება.
სულხან ზუმბურიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კომპენსაციების გადაცემის საკითხზეც ისაუბრეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია მოსახლეობა თანახმაა თუ არა მიიღოს პროექტით გაწერილი თანხა. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის მმართველმა განაცხადა, რომ კომპენსაციების გადაცემის საკითხს თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალურად გაივლიან.