პრეზიდენტის შვილის მეგობარს სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა ანა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მის მეგობარს თორნიკე კაჭარავას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო და მისი პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.
პრეზიდენტის შვილი არ გამორიცხავს, რომ მისი სიძე მინდია გოგოჭურიც დააკავონ. ანა მარგველაშვილი თვლის, რომ პოლიცია მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიზანმიმართულად დევნის.
თორნიკე კაჭარავა დიღომში საავადმყოფოს ეზოში აიყვანეს. მისი ბიძა ყვება, რომ 40-მდე სამართალდამცველი მათ ამ ტერიტორიაზე ელოდა.
თორნიკე კაჭარავა დაკავებამდე კანის ექიმთან, კონსულტაციაზე იმყოფებოდა. ნონა ბაღდადიშვილი კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ყვება, რომ მისი პაციენტი შეამოწმა, დანიშნულება მისცა და მომდევნო დღეს საავადმყოფოში კიდევ დაიბარა. ექიმის ინფორმაციით, კაჭარავა ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას საეჭვო ნივთი სავარაუდოდ, არ ქონია.
თორნიკე კაჭარავა დღეს მისმა ინტერესების დამცველმა წინასწარი დაკავების საკანში მოინახულა. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავებისას მის დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.