18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ფარცხალაძე-თორდიას საქმე - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სესიაზე დააყენებს

საპარლამენტო ოპოზიცია ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ევროპული საქართველოს მიერ დაყენებულ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა, თუმცა, ოპოზიციის მცდელობას მმართველი პარტიის გაღიზიანება მოჰყვა.

ოპოზიცია თვლის, რომ კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი პირის საქმის გამოძიებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის გარანტიები სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა შექმნას. ისინი ყოფილი მთავარი პროკურორის გავლენებზე მიუთითებენ და ერთ-ერთ საეჭვო გარემოებად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძე დაკითხული არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პირველ ეტაპზე, გამოძიების მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ პარლამენტი ფარცხალაძის ბიზნეს ინტერესებითა და სადავო მიწის ნაკვეთებით უნდა დაინტერესდეს.

დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს საქართველოს პრეზიდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვლის, რომ შესაძლოა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნას. ოპოზიციამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უარი მიიღო. თუმცა, ინიციატორები საკითხს უახლოეს სესიაზეც დააყენებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პროკურატურას დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს და უწყებისგან იმის უზრუნველყოფას მოითხოვს, რომ ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა არ დატოვოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები