შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოცდების გაუქმება მიუღებელია.
„საბოლოო ჯამში, მიზეზი გაუქმების აღმოჩნდება ის, რომ ჩვენი მოსწავლეები ვერ ახერხებენ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებასაც კი კონკრეტულ საგნებში,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სასკოლო განათლების საფეხურზე პრობლემებია და სწორედ ამას სჭირდება მიხედვა. მაია მიმინოშვილი განათლების ყოფილი მინისტრის და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, რეკომენდაციას გამოეხმაურა განათლებაში გაცილებით მეტი თანხების მიმართვისკენ.
მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ განათლებაში დახარჯული თანხა სწორად უნდა გაიწეროს და მიზანმიმართული ხარჯვა უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან.
„რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი თანხა დაიხარჯება განათლების სისტემაში, მით უკეთესია. უბრალოდ, ნამდვილად უნდა იყოს მიზანმიმართულად დახარჯული და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რაში ვხარჯავთ და რატომ ვხარჯავთ,“ - აცხადებს მაია მიმინოშვილი.