საქართველოს სახალხო დამცველი, თბილისიდან აზერბაიჯანის მოქალაქის, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და პრემიერისა და შს მინისტრს განცხადებებს აფასებს.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რეალობას ვერ აცნობიერებს.
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება, როგორ აღმოჩნდა თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს იმ რეალობას რაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში. ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ. მოხდეს კონკრეტულად ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის თუ როგორ მოხდა ის, რომ ქალაქის ცენტრიდან დაიკარგა ადამიანი და აღმოჩნდა მეზობელ სახელმწიფოში. თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინ არ არის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.