აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოში გაუჩინარების და მოგვიანებით ბაქოში დაკავების ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დღეს სამოქალაქო საზოგადოებისაა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, სუს-ის წინ აქციაზე იმყოფებოდა.
„ნორმალური ადამიანი ყველა ამ ქვეყანაში არის ჩემსავით და აქ ვინც აქციაზე იყო, ჩვენსავით თავლაფდასხმული და შერცხვენილი. ჩვენ გვეგონა, რომ სახელმწიფო გვქონდა და ჩვენ გვეგონა, რომ ადამიანური ურთიერთობები შეგვეძლო და ადამიანს როდესაც ჩვენი იმედი აქვს, შეგვეძლო, რომ ის დაგვეცვა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აფგან მუხთარლის საქმეზე სარჩელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
„ხელისუფლების ასეთმა უსუსურობამ გამოიწვია საერთაშორისო სკანდალი, ამიტომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად დადგება ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
მისი თქმით, როდესაც მოსკოვის ყოფილი მერი ლუჟკოვი საქართველოში სტუმარია, მაშინ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსაც ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც სტუმარს.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ იცოდა და ამ პროცესს ხელი შეუწყო.
„თუ ეს ყველაფერი არ იცოდა და ჩვენი ხელისუფლების ზურგს უკან მოხდა ასეთი დანაშაული, ადამიანის საქართველოდან გატაცება, უპასპორტოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა და ეს ყველაფერი ჩვენმა უსაფრთხოებამ არ იცოდა, მაშინ მეორე უბედურება და მეორე ვაი,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.