საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ. სამოქალაქო სექტორი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცვლილებებს მკაცრად აკრიტიკებს.
“ვერ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება და მათი აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში. ასევე ფიქსირდებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების მობილიზება. შესაბამისად, მათთვის წინასწარ დაწერილი კითხვების გადაცემა დისკუსიის მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ იყო წარმართული. ისმებოდა კითხვები, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა კონსტიტუციის პროექტთან,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა სოფო ჭარელმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას თქმით, ყველაზე მთავარი შენიშვნა, რაც არ იქნა გაზიარებული და ყველაზე მთავარი ხარვეზი არის საარჩევნო სისტემა და გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. მისივე თქმით, ამ საკითხის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი ვენეციის კომისიაც.