იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადო დანიშვნის ახალი კრიტერიუმები წარადგინა. ცვლილებას წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ნორმა, რომელიც მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებას ითვალისწინებდა.
„მოსამართლეები, რომლებიც უკვე არიან პრობაციის ვადაში, ანუ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში, ეს არის ერთი კატეგორია, დაახლოებით ასეთი არის 140 მოსამართლე და მეორე კატეგორია მოსამართლეების არის, რომელთაც 10 წლიანი უფლებამოსილება ჯერ არ ამოწურვიათ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ ეს მოსამართლეები გადაწყვეტენ, რომ კონკურსში ვადაზე ადრე უნდა მიიღონ მონაწილეობა უვადოდ დანიშვნის კონკურსში, ისინი ამ უფლებით სარგებლობენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლას, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან რამდენიმე შენიშვნა მოყვა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია.
„თქვენ კარგად იცით, აი, თუნდაც, ელჩების როტაციის საკითხი და ა.შ. ადამიანი ეჩვევა ერთ რაღაცად, მერე როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ცოტა რთული საპროგნოზოა,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.
მის პოზიციას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძეც ემხრობა.
„გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში იმდენი რამე შეიძლება მოხდეს კანონმდებლობაში, საიდან გვაქვს ჩვენ გარანტია, თუ მას არ უმუშავია და გამოცდილება არ აქვს, რომ ის კვალიფიკაცია შენარჩუნებული აქვს,“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.