მთავრობის წევრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საუბრობენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გამოძიების პროცესში ბევრი შეკითხვა არსებობს და უნდა დაველოდოთ მის დასრულებას.
“დაველოდოთ გამოძიებას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, ვინ უბიძგა მოცემულ პირს წასულიყო საზღვრისკენ, იყო თუ არა ეს ბიძგი მოტაცების ფორმით, ხომ არ ჰქონდა ადგილი გატყუებას, თუ იყო მოტაცება ვის მიერ იქნა ის ჩადენილი, რა ენაზე საუბრობენ ეს ადამიანები და ვინ იყვნენ, იცნობდა თუ არა მსხვერპლი მათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოძიების ფარგლებში კითხვები შეიძლება იყოს ათჯერ და ასჯერ უფრო მეტი. ეს პროცესი არის ჩართული და მანამდე კარგი იქნება თუ ლეგენდების რეკლამირებისგან თავს შევიკავებთ,“ - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით და არ შეიძლება ჭორის დონეზე ინსტიტუტების დისკრედიტაცია.