კოალიცია სამართლიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ორი დღის წინ ჩაშლილ პრეზენტაციას, განცხადებით ეხმიანება.
მათი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშები მუდმივად აჩვენებს, რომ იუსტიციის საბჭო მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებს, არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად, არამედ, მის საწინააღმდეგოდ.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვს, შეიქმნას საპარლამენტო ფორმატი სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისებზე ღიად სასაუბროდ და საჩქაროდ დაიწყოს მუშაობა რეფორმის სრულყოფილ პაკეტზე.
„მთელი რიგი გარემოებები უკვე ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემის რეალური რეფორმის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ გააჩნია. ჩვენ ვიმუშავებთ, გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას არ მოატყუოს, თითქოს ის ახორციელებს სასამართლო რეფორმას, არამედ სასამართლო რეფორმა ჩატარდეს რეალურად,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ეკატერინე ციმაკურიძემ.