აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია იმართება ამ წუთებში პარლამენტთან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივას, სამოქალქო სექტორი და მედიის წარმომადგენლებიც უერთდებიან.
მათ პარლამენტში განცხადება შეიტანეს. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეხვედრის გამართვას და ჟურანლისტის გაუჩინარების საქმეზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ითხოვენ, ერთ-ერთ მექანიზმად კი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ასახელებენ.
მათი თქმით, პასუხები, რომელიც მთავრობისგან მიიღეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
სამოქალაქო სექტორი ითხოვს, გაირკვეს როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანში და დადგინდეს პასუხისმგებელ პირთა ვინაობა.
„გუშინ მოვითხოვეთ, რომ პარლამენტმა განახორციელოს ეფექტიანი კონტროლი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ სოფიო კილაძესთან და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. არ ვიცი რამდენად გაიზიარებენ ისინი ჩვენს მოთხოვნას იმიტომ, რომ უკვე ორი დღეა სრულიად უშედეგოდ ვითხოვთ სახელმწიფო უწყებებისგან ადეკვატური პასუხების მიღებას,“- განაცხადა სააგენტო on.ge-ს ხელმძღვანელმა თამაზ კუპრეიშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, აუცილებელია დადგეს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
„უნდა დამწკრივდნენ და უნდა წავიდნენ იმ თანამდებობიდან. ეს არის ერთმნიშვნელოვანი და რაც უფრო დიდხანს ვერ მიხვდებიან და რაც უფრო სამარცხვინო პრესკონფერენციებს მოიწვევენ, როგორიც გუშინ მღებრიშვილმა მოიწვია, აზერბაიჯანული პრესის მიმოხილვა რომ მოგვიწყო, მათთვის იქნება უარეს,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეც. როგორც ის აცხადებს, ჟურნალისტის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა. ლეილა ისმაილოვას ინფორმაციით, მისი მეუღლე ბელაკნის სასაზღვრო პუნქტიდან გაიყვანეს.
ისმაილოვას განცხადებით, პირებს, რომლებმაც მუხტარლი დააკავეს, საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმები ეცვათ.
„საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქართულ მხარეს გატაცებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ადვოკატმა პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ის სახლთან ახლოს აიყვანეს და მისი გამტაცებლები კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი. ამას გარდა საყურადღებოა, რომ მას საზღვრის გადაკვეთა ბალაკანი მწვანე ზოლიდან აიძულეს და არა მწვანე ზონიდან. ასევე საყურადღებოა, რომ ის საზღვარზე საღამოს გადაიყვანეს,“ - აცხადებს ისმაილოვა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისშიც გაიმართა. მოქალაქეები აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები თბილისში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებმა აქციები უკვე გამართეს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სუს-ის შენობასთან.