სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა ტექნიკას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, გადამცემი ბოძები საკარმიდამო ნაკვეთებზე იდგმება, 500-კილოვოლტიანი ხაზი კი სახლების სახურავებს ზემოთ, რამდენიმე მეტრში გაივლის.
სოფლის მცხოვრებლები მარშრუტის 300 მეტრით გადაწევას, ან სხვაგან გადასახლებისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ადგილობრივებმა ექსპერტიზაც საკუთარი ხარჯებით ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გადამცემი ხაზები მათთვის საზიანოა. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიამ საკომპენსაციო თანხაც ძალიან ცოტა შესთავაზა.
კომპანია ელექტროტრანსის და გამგეობის წარმომადგენლები დღეს მშენებლობის ადგილას არ გამოჩენილან. აქციის მონაწილეებმა პასუხი მშენებლისგან მოითხოვეს, თუმცა სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღეს.
ადგილზე გუშინ კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივებს კომპენსაციას სთავაზობენ, თუმცა ისინი არ თანხმდებიან.
ავტორი: ემა გოგოხია