აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ. საპარლემენტო უმცირესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ საქმე ქართულმა მხარემ დროულად გამოიძიოს, ფაქტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუმცა, ოპოზიციაში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
„ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ხელისუფლებას რომ ჰქონდეს შესაბამისი ნება, ეს საქმე უკვე იქნებოდა გახსნილი. როგორც ჩანს, ამ საქმეში სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული და ისინი ხელს აფარებენ ახლა და წელავენ ამ პროცესს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას თბილისის ცენტრში განხორციელებული გატაცების გამოიძიებისკენ მოუწოდებს.
„რასაკვირველია, სახელმწიფო დეპარტამენტს არ სჯერა კვირიკაშვილის და ჯეჯელავას ტყუილების და განცხადებების, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასთან, უსაფრთხოების დაცვასთან და ზოგადად სახელმწიფოებრივ ღირსებასთან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.