ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმის გამოძიება საქართველოს ღირსების საკითხია. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ საქმეზე გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჟურნალისტის შესაძლო გატაცების ფაქტი ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.
„ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში იყო ჩართული, მიუხედავად მათი რანგისა, უნდა იყოს შესაბამის პასუხისგებაში მიცემული. ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ მიიღოს ის ზიანი, რაც დღეს უკვე ადგება და რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო მეტ ზიანს მიიღებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე, ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება უაღრესად მნიშვნელოვანია და საქმის გამოძება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია.
„ამ შემთხვევაში საუბარი არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მთლიანად პრესტიჟზე და მის მომავალთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული,“ - განაცხადა დავით სიხარულიძემ.