მეორე დღეა თბილისში სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ მსჯელობენ. განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის, ექსპერტებისა და პედაგოგების მონაწილეობით მიმდინარე კონფერენციას დღეს შერიგებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებიან.
მას შემდეგ, რაც 11 ათასამდე მე-12 კლასელმა საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და ატესტატის გარეშე დარჩა, განათლების თემა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი გახდა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხი არის ასევე პედაგოგების კვალიფიკაცია და საქართველოს რეგიონებში, საჯარო სკოლებში სწავლების დაბალი დონე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
„სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს, ქართულენოვან სოფლის სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეთნიკური უმცირესობების სკოლები" - განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განცხადება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისგან მოვისმინოთ, რას ვგეგმავთ მომავალში და როგორ უნდა დავიწყოთ იმ ვითარების გამოსწორება, რაც არცერთ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ შეიმუშავა სოფლის განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებას კოორდინაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს, რომელიც ასევე გულისხმობს სოციალური მიმართულებებით აქცენტსაც.
მინისტრის თქმით, ეს არის საფუძველი, რომ სოფელში ზოგადად ცხოვრების დონე გაიზარდოს.