18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
აფგან მუხთარლის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს და მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას არ გამორიცხავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის ცენტრში გაიტაცეს და აზერბაიჯანის საზღვრამდე გზაში გამტაცებლები ტელეფონის საშუალებით ზემდგომ პირებს ანგარიშს აბარებდნენ.

„ნახევარი საქართველო გაატარეს დატყვევებულ ბატონ აფგანს და გადასცეს აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის მხარეს. ასევე ახალი გარემოებაა, რომ მთელი გზის განმავლობაში აბარებდნენ ანგარიშს გამტაცებლები სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რაც მიუთითებს იმაზე, დიდი ალბათობით, რასაც ვეჭვობთ არის ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ ამ დანაშაულის დაკვეთაში ჩართულები და ასევე დანაშაულის ჩადენის ადგილი მხოლოდ ძველი თბილისი არ არის,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატი და ჟურნალისტის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმის გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს.

უფლებადამცველი განცხადებას პროკურატურაში ხვალ შეიტანს.

დღის ამბები