არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმე აუცილებლად პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ გატაცების ოპერაციაში საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ჩართული.
„ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ გამოძიება სწორედ პროკურატურამ აწარმოოს და არა იმ სტრუქტურამ, რომელთანაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს შესაბამის დანაყოფებს,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მიიჩნევს, რომ ოჯახის მოთხოვნა საქმის პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე, გამართლებულია, რადგან გამოძიების მიმართ ნდობა გაიზრდება. ის სამართალდამცველთა მიერ წარმოებული გამოძიებების არაეფექტურობაზეც ამახვილებს ყურადღება.
„ეს გამოძიებაც უნდა იყოს ძალიან მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ პარლამენტის მხრიდან, რადგანაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაწყებული გამოძიებები არ მისულა ბოლომდე და ესეც მათ არაეფექტურობაზე მიუთითებს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმის ობიექტურ გამოძიებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი. ის იმედოვნებს, რომ საქმის მონაწილე ყველა პირი ადეკვატურად იქნება დასჯილი.
„ჯერ კიდევ არ არის დაკარგული დრო იმისა, რომ ხელისუფლებამ აჩვენოს თავის საზოგადოებას, რომ მის ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ ის დაცული,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.