ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში ხელისუფლების ვერსიას შეეწინააღმდეგა, ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, პატრიარქის მკვლელობის სურვილში დაადანაშაულა. შემდეგ ეს სიტყვა „მოკვდინებით“ ჩაანაცვლა. მოგვიანებით კი განმარტა, თუ რას გულისხმობდა მოკვდინებაში თუმცა, ფაქტია, რომ მან საზოგადოებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობის მცდელობის ჭორი კვლავ დააბრუნა.
მოგვიანებით ედიშერ ქარჩავას განცხადებებს საპატრიარქო გაემიჯნა.
იღუმენი თამარ გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული განცხადებები საპატრიარქოში კონკრეტულ ჯგუფთან შეთანხმებული იყო. ის აცხადებს, რომ ჭორები საპატრიარქოს მეორე სართულზე იბადება და შემდეგ საზოგადოებას პრესის საშუალებით მიეწოდება, რათა ადამიანებმა ეს ინფორმაცია დაიჯერონ. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის კაბინეტში ჭორების გამავრცელებელი მანქანაა, რომელიც რუსეთიდან იმართება.
„მათ უკან ყველამ ვიცით, რომ დამპყრობელი ძალა დგას ეს მხოლოდ მე არ ვიცი, ეს იცის მთელმა ერმა,“ - აცხადებს იღუმენი თამარ გამყრელიძე.
ის აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს ანდრია პირვეწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს მართავენ.