თავდასხმის მცდელობა ზერბაიჯანელ აქტივისტზე. შემთხვევა სამ ივნისს შუადღეს მოხდა.
ვიდადი ისგანდაროვის ყვება, რომ მას ორი პირი საცხოვრებელ სახლთან დახვდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ისგანდაროვის თქმით, მან თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა გაქცევით შეძლო.
ვიდადი ისგანდაროვი მომხდარს აზერბაიჯანში მის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისგანდაროვის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადნენ, თუმცა გაირკვა, რომ თავდასხმა არ მომხდარა.
სხვა გარემოებების დადგენის მიზნით, სამართალდამცველები მოკვლევას განაგრძობენ, ვიდადი ისგანდაროვი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული.
„სახლიდან გამოსვლისას ჩემს სადარბაზოში 2 ადამიანი დავინახე. ისინი აზერბაიჯანულად მოკვლით მემუქრებოდნენ. სახლში შესვლა მოვასწარი და პოლიციაში დავრეკე. როდესაც სახლში დავბრუნდი, ინტერნეტში ვნახე სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მე აზერბაიჯანში ხალხს შეიარაღებული ამბოხისკენ მოვუწოდებდი. ვფიქრობ, წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რადგან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა კოლეგამ, აფგან მუხთარლიმ, გამაფრთხილა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აქ აზერბაიჯანულ ოპოზიციონერებს აკონტროლებენ. არაერთი თავდასხმისა და მუქარის შემცველი შეტყობინებების შემდეგ, წერილით მივმართე გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტს. არც ერთ მათგანისგან პასუხი არ მიმიღია,” - განაცხადა საერთაშორისო ფონდ სახალხო დამცველის პრეზიდენტმა, ვიდადი ისგანდაროვმა.