დაინიშნება თუ არა ხელმეორე გამოცდები მე-12 კლასელებისთვის, ვინც ატესტატის მიღება ვერ შეძლო - ინიციატივა, რომელიც უმრავლესობის წევრს, მარიამ ჯაშს, ეკუთვნის.
ინიციატივის მიხედვით, მათ, ვინ ვერ გადალახა საატესტატო გამოცდებში ბარიერი, საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა.
„მე-11 კლასელ მოსწავლეებს, მოგეხსენებათ, აქვთ გადაბარების შესაძლებლობა მე-12 კლასში, ხოლო მე-12 კლასში შეიძლება, მხოლოდ ერთ გამოცდაზე საკმაოდ წარმატებულ მოსწავლეს წარუმატებლობა ჰქონდეს და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნება სამომავლოდ, წელს არ არის ამაზე საუბარი, რომ დაიშვას გადაბარების შესაძლებლობა,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ჯაშის თქმით, გამოცდის გადაბარების შესაძლებლობაზე აბიტურიენტებისთვის პოზიციები არ არის საბოლოოდ შეჯერებული, თუმცა მიიჩნევს, რომ „სისტემის ცოტა მეტი მოქნილობა სამომავლოდ იქნება მნიშვნელოვანი“.
მარიამ ჯაშის ინიციატივას გამოეხმაურა განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ეწინააღმდეგება მეთორმეტე კლასელებისთვის, მათთვის ვინც საატესტატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა, ხელმეორედ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობის მიეცეს.
„ბარიერი არის უდაბლესი. წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს, რომ ეს ბარიერი გადალახოს და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს რაიმე დადებით ეფექტს,“ - განაცხადა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ აქვე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის განიხილება ის საკითხი, რომელიც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზებს.
ინიციატივას გამოეხმაურა განათლების საკითხების მკვლევარი. შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრეცედენტის დაშვება, რადგან ის განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ შედეგს ვერ გამოიღებს.
„სამწუხარო, დღესდღეობით განათლების სისტემა არ არის თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, თუმცა ამ შემთხვევაში მე ეჭვი მეპარება, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სარჩულს არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.