არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას 2010-დან 2013 წლამდე არცერთი საქმე არ განუხილავს, იგივე ვითარებაა 2015 წელსაც. ჩინჩალაძემ მხოლოდ 2 საქმე განიხილა 2014 წელს, 2009-ში ერთი და 2016-შიც ერთი.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ ჩინჩალაძის სამსახურეობრივი დამსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციაა გადმოცემული. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის მანძილზე 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
აღნიშნული მონაცემები თუნდაც ნინო გვენეტაძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობასთან შედარებით, რომელიც მოსამართლეობის გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცაა, 4-ჯერ ნაკლებია.
საერთაშრისო გამჭვირვალობას - საქართველოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძე ქართული ოცნების უმრავლესობის წევრ, ვანო ზარდიაშვილთან ერთად უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ სამ მოსამართლეზე ზეწოლას ახდენდა.
მიხეილ ჩინჩალაძე დღემდე საქართველოს სასამრთლო სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
ვიდეოში მისი კარიერის ერთ-ერთი დასამხსოვრებელი ეტაპიცაა მოცემული, როდესაც მან პროკურორის რანგში დუმილის უფლება გამოიყენა.