„მატყუარა და უზნეო,“ - ასე მოიხსენია ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი ყოფილი კოლეგა. დავით მამისეიშვილის გაღიზიანება მამუკა ახვლედიანის მიერ გადაცემა p.s.-თვის მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამისეიშვილს ჩინჩალაძესა და მურუსიძეს მის წინაღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებდა.
მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ 2 წლის წინ ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის წინააღმდეგ გამოყენებული საპატიმრო სანქცია სწორედ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. ახვლედიანი ყვება, რომ სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე მისი ნათესავი იყო. ართმელაძე ტრაგედიიდან 5 თვის შემდეგ სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ახვლედიანმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე დარღვევებზე საუბარი დაიწყო.
ზეწოლას მამუკა ახვლედიანზე კატეგორიულად გამორიცხავს დავით მამისეიშვილი, რომელიც ზაზა ართმელიძის საქმეს იხილავდა. მეტიც მოსამართლე ყოფილ კოლეგას ზეწოლაში თავად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანი მას ურეკავდა და სასურველი გადაწყვეტილების მიღებას თხოვდა.
მოსამართლეების კამათში სხვადასხვა მხარეს არიან ქართული ოცნება და ოპოზიცია. მამუკა ახვლედიანის მიერ გახმაურებული ფაქტების არ ჯერა მმართველ გუნდს. ხოლო ახვლედიანის სიტყვებში სიმართლეს ხედავს ოპოზიცია.