რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეში ახალი გარემოებებია. ოპოზიციის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფაქტის გახმაურების შემდეგ მოსამართლის ძმამ, ზვიად ნაზღაიძემ, ზვიად ჩოხელს გადაუფორმა, ისევ გასხვისებულია. ჩოხელმა ქონება ვინმე პაატა ბეთხოშვილს დაახლოებით 450 ათას ლარად გადასცა.
გადაწყვეტილება ტერიტორიის ყოფილმა მესაკუთრემ მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის მოთხოვნით ის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს.
თბილისის მერი, დავით ნარმანია, კვლავ დარწმუნებულია, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი ლარის ქონება კანონიერად გადაეცა.
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში რამდენიმე განცხადებაა შესული, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება ჯერ უცნობია. პარალელურად საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მერიის ამ გადაწყვეტილებების გაბათილებას და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.