განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ჩაჭრილი მეთორმეტეკლასელებისთვის ხელმეორედ გამოცდის გადაბარების შესაძლებლობას ითხოვს. უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის ეს ინიციატივა შესაძლოა მომდევნო წლიდან ამოქმედდეს.
ინიციატივა მარიამ ჯაშმა მას შემდეგ გაახმოვანა, რაც წლევანდელ საატესტატო გამოცდებში 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.
ქართული ოცნების წევრის ეს ინიციატივა, განხილვის თემა გახდა ოპოზიციაში. ოპონენტები თვლიან, რომ ეს ინიციატივა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მათი თქმით, შესაძლო ცვლილება საგამოცდო წესში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
მარიამ ჯაშის ინიციატივას აკრიტიკებენ ექსპერტებიც. განათლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის განმეორებითი გამოცდები, დადებით ეფექტს ვერ გამოიღებს.
ექნებათ თუ არა მომავალი წლიდან მეთორმეტეკლასელებს საატესტატო გამოცდების ხელმეორედ ჩაბარების უფლება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ეს წესი ძალაში შევიდეს.