საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო ბახსოლიანმა, დაუდასტურა.
ვანო კობაიძე ილია მეორის დაცვის წევრია. ის საპატრიარქოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის, პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.
ვანო კობაიძემ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.
ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში დაადანაშაულა.