დღეს ქართულმა მედიამ კანონმდებლებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სკანდალური საქმე მდუმარე პროტესტით შეახსენა. თუმცა ამ პერფომანსს რეაგირება, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკოსების მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმოდა.
ოპოზიციამ კომიტეტის თავმჯდომარეს აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც სოფიო კილაძემ ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.
მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, პარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებით რამდენიმე კვირის შემდეგ დაინტერესდება.
მთავრობის მიმართ ბრალდებები დღეს აფგან მუღთარლის ოჯახის და ადვოკატის მხრიდანაც ისმოდა. ამჯერად ადრესატი პრემიერმინისტრია, რომელმაც გამოძების მიმდინარეობის პროცესშივე ქართველი სამართალდამცველების საქმეში მონაწილეობა გამორიცხა.
აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის, განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაჭრით არ უნდა გამორიცხონ სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში.
აფგან მუხთარლის მეუღლესთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვა კიდევ ორ მოწმეს დაუნიშნა.
გადაეცემა თუ არა ჟურნალისტის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას, ამ დრომდე უცნობია.