18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
კონგოში გაუჩინარებულ ქართველი მფრინავი - ოსორაულის ოჯახი ძებნის გააქტიურებას ითხოვს

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის, ოჯახი დახმარებას ითხოვს და დაკარგული მფრინავის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ქართული მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გაწევაზე საუბრობს.

სოსო ოსორაულის დედა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მფრინავის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ, უნდობლობას უცხადებს. ოჯახისთვის გაუგებარია, რას დაეყრდნო საგარეო უწყება მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები გაუჩინარებული მფრინავის სამშობლოში დაბრუნებას დღედღეზე ელოდებოდნენ.

სოსო ოსორაული კონგოში კერძო კონტრაქტით მოსამსახურე მფრინავი ოჯახს 27 იანვრის შემდეგ აღარ დაკავშირებია. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ოსორაულების ოჯახში ფიქრობენ, რომ სოსო ცოცხალია და დახმარების მოლოდინშია.

ამ დროისთვის კონგოში ტყვედ ჩავარდნილ იოსებ ოსურაულის შესახებ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია არა აქვს.

ოსორაულის ოჯახი კი ძებნის პროცესის უფრო გააქტიურებას და ქართული მხარის პირადად ჩართვას ითხოვს. საგარეო უწყების მიერ ოსორაულის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, სადაც დაკარგული მფრინავი ცხოვრობდა, მისმა ახლობლებმა გააპროტესტეს.

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე განცხადებები დღეს პარლამენტშიც გაკეთდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები