„ელემენტარული ანბანის უცოდინრობას ამჟღავნებენ ან დაგვცინიან ახლა ეთერიდან,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმეზე მთავრობის კომანტარების შეფასებისას გააკეთა.
„ჩვენს სახელმწიფოს შეელახა რეპუტაცია. ამ ფონზე ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყურებით. ამიტომ, ამ შემთხვევაში, გამოსავალი არ არის მხოლოდ სამართლებრივ რეალობასთან დაბრუნება, აქ პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისი აზრით, ხელისუფლება და კერძოდ, პრემიერმინისტრი დღეს სამართალდამცველთა რეპუტაციის გამოსწორებას ლამაზი სიტყვებით არ უნდა ცდილობდეს.
„სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაციის ინდიკატორი არის ადამიანების უფლებების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში და არა ბრტყელი სიტყვებით მათი ღირსების შენარჩუნება,“ - განმარტა თამარ კორძაიამ.
მისი აზრით, დღეს საქართველოს ხელისუფლება აფგან მუხთარლის დასაცავად არაფერს აკეთებს.
„რატომ არ შეიძლება, დღეს ჩვენ, განსაკუთრებული წესით, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდინარე, თავად ბატონ მუხთარლის მივანიჭოთ მოქალაქეობა და ამ გზით გავზარდოთ მისი დაცვის ლეგიტიმური საშუალებები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.