„მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არც ახლა ვარ კარგ ხასიათზე,“ - ეს განცხადება ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია - თბილისის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
ის აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს.
„ჩვენ ყველანი ვართ დღეს ის ადამიანი, რომელიც არის სადღაც უბედურებაში. სოლიდარული ვარ მის მიმართ და მისი ოჯახის მიმართ,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ის დღეს ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს.
„მე მგონი სწორი ლაპარაკი არის, როდესაც ამბობ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს და თუ ეს დანაშაული არის ჩადენილი ჩვენთან, მაშინ ნებისმიერი დაისჯება, აი, ამ პასუხს ველოდები მე დღესაც,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისი აზრით, რა მასშტაბის ქვეყანა არ უნდა იყოს, საქართველო, მან სხვას საკუთარი თავის ფეხქვეშ გათელვის საშუალება არ უნდა მისცეს და ღირსება შეინარჩუნოს.
„რაღაცა პრინციპები ხო არსებობს ამ ქვეყანაში? გამოავლინონ ეს ნება და დადგნენ, იმიტომ რომ მარტო მანდ არ არის, სხვა პრობლემებიც გვაქვს,“ - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.