ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აფგან მუხრთარლის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით სოლიდარობის აქციების გამართვას გეგმავენ. მათი თქმით, კვლავ ბუნდოვანია საქმის ბევრი დეტალი.
მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების განცხადებებს, არაადეკვატურს უწოდებენ.
„ერთი კვირა გავიდა ამ ფაქტიდან და ჩვენ იმაზე მეტი კითხვები გვაქვს ახლა ვიდრე გვქონდა გასულ კვირას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გაუგონარ ამბავს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა სრულიად არაადეკვატური რეაქცია. ჩვენ ვერაფერი გავიგეთ ამ დრომდე და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ კითხვებზე მივიღოთ პასუხი,“-განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა ძველიშვილმა.
მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
„ხელისუფლებაზეა სრული პასუხისმგებლობა და ნებისმიერი აპელირება იმაზე, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში გაანელონ ან დააკნინონ მომხდარი ფაქტი,“-აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.