18 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"ნუ ჩააგდებთ საფრთხეში!" - სამოქალაქო სექტორი ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციები, დემირელის კოლეჯის წარმომადგენლები და ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას არ გადასცეს დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი თურქეთს, რადგან მათი განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

ემრე ჩაბუქის მხარდამჭერები ხელისუფლებისგან თურქეთის მოქალაქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასაც ითხოვენ. 

„აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთ ადამიანის საქმე. ეს საქმე გამოაჩენს რამდენად პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციას და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია შესასრულებლად სავალდებულოდ აქვს აღიარებული. ამიტომ ჩაბუქის ექსტრადიცია არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაყენება. ეს იქნება უპატივცემულობა და დარღვევა ამ ქვეყნის კონსტიტუციის,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა მუსტაფა ემრეჩაბუქის ადვოკატიც. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის პროცესი საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მუხლის შესაბამისად შეჩერებულია.

„დაწყებულია პროცედურა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ დადებითად გადაწყდა ეს საკითხი, ბუნებრივია შეწყდება ექსტრადიციის საქმე. თუ უარყოფითად გადაწყდა გაგრძელდება,“-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

აქციის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის მუსტაფა ემრეჩაბუქის მეუღლე. თუმბაჩაბუქი აცხადებს, რომ მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების იმედი აქვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები