არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობს. ისინი ასახელებენ მმართველი გუნდის კონკრეტულ წარმომადგენელსაც, რომელიც კლანური სისტემის მართვაშია ჩართული.
სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემასა და ხელისუფლებას შორის ერთ-ერთ მთავარ მაკავშირებელ ფიგურად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს ასახელებენ.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა და მას სათავეში მურუსიძე, ჩინჩალაძე და ცერცვაძე უდგას.
„მათ ჰყავთ კონკრეტული საკონტაქტო პირი ზარდიაშვილი, რომელიც ეკონტაქტება კონკრეტულ მოსამართლეებს. ამ შემთხვევაში ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და მათ კოლეგებს და ამის შემდეგ უკვე ხდება ამ კონკრეტული მოსამართლეების კლანის მეშვეობით სასამართლოზე გავლენა, განსაკუთრებით პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას ვანო ზარდიაშვილის წარსულსაც ახსენებს.
„რიტორიკული კითხვა დავსვი იმიტომ, რომ არ მაქვს იმედი, რომ ამას ქართული ოცნების წევრები გამოეხმაურებიან, მაგრამ, როდესაც ისინი ღია კითხვებს სვამენ მათ შორის პოლიტიკურ დებატებში თუ სხვა კონტექსტებში, სხვათა შორის ლეგიტიმურ კითხვას, ვინ სად იყო 2012 წლამდე, მე მაინტერესებს ეს კითხვა დაუსვამთ თუ არა ვანო ზარდიაშვილისთვის. ისევე წუხან თუ არა ვანო ზარდიაშვილის ბექგრაუნდზე, როგორც წუხან სხვების ბექგრაუნდზე, რომლებსაც ხშირად ძალიან ცუდ კომპრომატად უყენებენ 2012 წლამდე დაკავებულ პოზიციებს,“-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
სასამართლო სისტემაში კლანების არსებობაზე და მათთან ვანო ზარდიაშვილის კავშირზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი სოფო ვერძეულიც.
„არც მალავენ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომ მათ გარკვეული კავშირები ბატონ ზარდიაშვილთან გააჩნიათ. ბატონი ჩინჩალაძე და ბატონი ზარდიაშვილი ასევე ნათესაური კავშირითაც არიან ცნობილები და სწორედ ეს კონტაქტები ქმნის საერთო ჯამში შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდეს კონტაქტი სასამართლო ხელისუფლებასთან,“-ამბობს სოფო ვერძეული.