დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
საქალაქო სასამართლოში ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. სამივე მათგანი სამართალდამცველია. მათგან ორი დეტექტივია, ხოლო მესამე ექსპერტი.
ერთ-ერთი დეტექტივი, დაცვის მხარის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. არჩილ ჩუბინიძემ, სასამართლო სხდომაზე დეტექტივს დაუსვა ამ საკითხზე კითხვა, თუმცა მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
თავად ბრალდებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერ-მინსტრი ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„ჩემი შვილის განაჩენის საკითხი ამ შენობაში არ წყდება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ მოსამართლე არის მხოლოდ სტატისტი, რა გადაწყვეტილებასაც უკარნახებენ მას შუშის სასახლიდან, იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ის ამ თვის ბოლოს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
დავთ ხარშილაძის საქმის არსებით განხილვას ესწრებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ელისო კილაძის შვილის დაკავება წინასწარი იყო განზრახული იმ მიზეზით, რომ ის ჟურნალისტის შვილია.
„დაკავებას უშუალოდ ახორციელებდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რამდენიმე ათეული პოლიციელი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სამსახურეობრივი მანქანებით აკვირდებოდნენ პერიმეტრიდან აღნიშნულ ფაქტს. ეს ტოვებს იმის აღქმის შესაძლებლობას, რომ ეს დაკავება იყო წინასწარ განზრახული,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.