ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგის ოჯახსა და პატრიარქს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. ოჯახის მთავარი მოთხოვნაა შეხვედრას ადვოკატებიც დაესწრონ, რაზეც მათ თანხმობა ვერ მიიღეს და შეხვედრა ამ მიზეზით თავადვე გადადეს. კონკრეტული თარიღი, თუ როდის შედგება პატრიარქთან შეხვედრა, მათთვის ჯერ უცნობია.
მამა გიორგის ოჯახი მიიჩნევს, რომ პატრიარქსა და საპატრიარქოს ამ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ და ეს შეხვედრაზე გაირკვევა.
„დავუკავშირდი ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც უშუალოდ პატრიარქთან შედის, საპატრიარქოს წარმომადგენელი არის, ვთხოვე, რომ გადაეცა და დავუკონკრეტე, ოჯახის წევრები ადვოკატებთან ერთად, რაზეც მე პასუხი მომივიდა მამაოსგან, რომ მე აუცილებლად გადავცემ პატრიარქს. კვირას მირეკავ დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მეუბნება, რომ ორშაბათს მიგიღებთ პირველ საათზე, მაგრამ მხოლოდ ოჯახის წევრებსო. ჩემი მოთხოვნა იყო ადვოკატებთან ერთად, იქიდან გამომდინარე, რომ უწმინდესს და უნეტარესს, ელემენტარულად, ამ საქმესთან დაკავშირებით, ელემენტარული კითხვაც რომ გასჩენოდა, მე პასუხს ვერ გავცემდი,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.