მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონება - ერთსა და იმავე საქმეზე გამოძიების დაწყების მიზნით 3 თვის განმავლობაში პროკურატურაში 10-მდე განცხადებაა შესული. ამჯერად, საგამოძიებო უწყებას ისევ ოპოზიციამ მიმართა, პარალელურად კი მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოება გახდა ცნობილი, დეპუტატები რეაგირებას საგამოძიებო უწყებიდან ელოდებიან. საუბარია სადავო მიწის ნაკვეთების მესამე პირის, პაატა ბოთხაშვილისთვის გადაცემის შესახებ.
სანდრო ეულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები პაატა ბოთხაშვილმა ზვიად ჩოხელისგან დახლოებით ნახევარ მილიონ ლარად იყიდა. გარიგება მას შემდეგ შედგა, რაც ოპოზიციამ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე საქმეში მესამე მხარედ ზვიად ჩოხელის ჩართვა მოითხოვა.
ოპოზიციის ბრალდებები ისევ მიუღებელია მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის.
ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სამოქალაქო სექტორის ნაწილსაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ნაზღაიძისთვის მიწის გადაცემაში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე მიუთითებდა, გამოძიების დროულად დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.