აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. მუხთარლი იმ პირების მოძებნასა და დაკავებას ითხოვს, რომლებიც მისი თბილისიდან გატაცების საქმეში მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას მისი გატაცების ადგილზე და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გასაჯაროებასაც სთხოვს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მტკიცებით, კადრების გასაჯაროების შემთხვევაში, დადასტურდება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა იგი აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართვა მისმა ადვოკატმა გაავრცელა. ელჩინ სადიყოვის თქმით, უახლოეს მომავალში იგი თბილისში ჩამოვა.
„საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ კამერების ჩანაწერების გადმოცემას და იმავდროულად მათ გასაჯაროებასაც ვითხოვთ. ამასთან, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან უნდა შეხვედრა და ვითარებაში გარკვევა. ამჟამად იგი თავს ნორმალურად გრძნობს. ჩვენ მოვითხოვეთ შიდაპატიმრობა და გირაო. შესაძლოა, მომდევნო კვირაში სასამართლომ ამ თემაზე იმსჯელოს. მომავალ კვირას მეც ჩამოვალ საქართველოში. თავად მინდა იმ ტერიტორიის დათვალიერება, საიდანაც აფგან მუხთარლი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს,” - განაცხადა ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა.