არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდამჭერ აქციებს განაგრძობენ.
სამოქალაქო სექტორი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და საქმის ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მათი შეფასებით, ქვეყნისთვის მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმის ობიექტურად გამოძიება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ქვეყანაში ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
„უნდა ჩაერთოს პარლამენტი იმიტომ, რომ თვითონვე ამბობენ, ეს არის პოლიტიკური საკითხი. უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია და იმ არასერიოზულ განცხადებებს დაანებონ თავი, რომ ჯერ არ არის გამოძიებული და წინასწარ ამბობენ, რომ არავინ არ არის დამნაშავე და ჩვენ სუფთები ვართ,“ - განაცხადა ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა.