პოლიციელების მუქარა სექსუალური ძალადობის შესახებ, არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური შეურაცხყოფა - 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა დავით გამხუაშვილმა განაცხადა, რომ ის ჯერ ყოფილმა სპეცრაზმელმა გლდანის სასაფლაოზე სცემა, შემდეგ კი მასზე ძალადობა თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში გაგრძელდა.
დაკავებულმა დავით გამხუაშვილმა მასზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მიცემულ ჩვენებაში მან დეტალურად აღწერა ის ქმედებები, რომელსაც სამართალდამცავები მის მიმართ სჩადიოდნენ. უფლებადამცველის განცხადებით, დავით გამხუაშვილმა მოძალადე სამართალდამცველების სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია.
მისივე თქმით, დაკავებულს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ცემაში დაახლოებით რვა სამართალდამცველი მონაწილეობდა.
მისივე თქმით, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, დაკავებული დროებითი დაკავების იზოლატორმა დაზიანებების სიმძიმის გამო არ მიიღო.
უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყოფილი სპეცრაზმელის დაყაჩაღებას ედავება.
„როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, დაახლოებით 8 კაცამდე მირტყამდაო, არც ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება არ მომცესო. როდესაც უკვე გათენდა თქვეს, რომ დროა, წავათრიოთო. წაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. არ მიიღეს, ყველგან გონი ეკარგებოდა,“ - განაცხადა ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ.
ადვოკატის განცხადებით, დავით გამხუაშვილი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო არასასურველ ინციდენტს შეესწრო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ტყებუჩავა ირწმუნება, რომ სწორედ ეს გახდა გამხუაშვილის დაკავების მიზეზიც.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი როდესაც დანიშნულების ადგილზე მიდიოდა, მას შემოესმა ქალის კივილის ხმა. ქართველი მამაკაცები ვართ და დავინტერესდებოდით, დავეხმაროთ თუ არა. როდესაც მივიდა მანქანის უკანა მხარეს იჯდა ორი ადამიანი, კაცი და ქალი და კივილი კი არა უფრო სექსუალურ აქტს ჰგავდაო. როდესაც ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ მე კივილი შემომესმა და დახმარება მინდოდაო, აგრესიული პიროვნება, შიშველი გამოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით,“ - აცხადებს ცოტნე ტყებუჩავა.