მამა გიორგი მამალაძესთან საპატიმროში იმყოფებიან მისი ინტერესების დამცველები. დეკანოზის ადვოკატებმა ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით დაკავებულის პოზიცია უნდა მოისმინონ და, ხვალინდელი სხდომის წინ, კიდევ ერთხელ გაიარონ საქმის დეტალები. საპყრობილეში იმყოფებიან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატებიც.
ადვოკატმა და მისმა ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან დღეს ასევე ისაუბრეს დეკანოზის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრაზე. მათი თქმით, შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ საპატრიარქო მათ ადვოკატებს დასწრების უფლებას მისცემს.
”არსებით განხილვაზე ჩვენ გეგმებზე გვექნება საუბარი, მითუმეტეს როდესაც სახაზინო ადვოკატები ჩაერთნენ და სახაზინო ადვოკატებიც ჩვენ პოზიციაზე არიან. უბრალოდ, ტექნიკური მხარეც გავიაროთ, რომ ერთ გუნდად ვიმოქმედოთ. დეკანოზი ნამდვილად მოხარული იქნება, თუ პატრიარქი მის ოჯახს შეხვდება ჩვენთან ერთად. შეხვედრის მიზანია, საქმიანი შეხვედრა შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენ შევხვდეთ,“ - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
საპატრირქოს წარმომადგენლის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის, თქმით, ისინი ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრაზე უარს იტყვიან.
“ჩემი ოჯახი საქმის დეტალებს არ იცნობს, აქედან გამომდინარე უწმინდესი და უნეტარეს ელემენტარული კითხვა გაუჩნდება. აქედან გამომდინარე ვითხოვ, მე, ადვოკატებთან ერთად, რომ გაეცეს ელემენტალური კითხვასაც პასუხი. არ გვინდა, რომ ამ შეხვედრას ლოცვით ფორმა მიეცეს, აქედან გამომდინარე ჩვენ უარს ვიტყვით ამ შეხვედრაზე. რატომღაც საპატრიარქოს წევრები უარს ამბობენ ადვოკატებზე, მე არ მჯერა, რომ ეს პატრიარქის უარი არის. მე მჯერა საპატრიარქოში ჩაბუდებული შორენა თეთრუაშვილის და მათი კლანის პოზიციაა, რომ ადვოკატები არ მიიღოს,“ - აღნიშნა მამალაძემ.
მამა კახაბერ გოგოტიშვილი კი აღნიშნავს, რომ პატრიარქი მზად იყო, შეხვედროდა დეკანოზის ოჯახს და სულიერად დაელოცა ისინი.
“სურვილი ჰქონდა ოჯახს, რომ მობრძანებულიყვნენ უწმინდესთან. ეს იქნებოდა სულიერი დალოცვა, რჩევა მათთვის და ეს იქნებოდა ნუგეში გარკვეულწილად იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ოჯახი განსაცდელშია. შესაბამისად, ამისთვის მზად იყო პატრიარქი, მაგრამ რაღაცა ეს მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ მათ ბრძანეს თვითონ, რომ ჩვენ ადვოკატების გარეშე მანდ არ მოვალთო. ახლა რას ვიზამდით, ვერ დავაძალებდით, შესაბამისად არ შედგა ამიტომაც შეხვედრა,“ - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.