საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ში დაკავებული ქართველების თაობაზე ინფორმაციას არკვევს. როგორც უწყების მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, განაცხადა, გენერალურ კონსულს ამის თაობაზე ჯერ დეტალური ინფორმაცია არა აქვს და ამის თაობაზე დამატებითი დეტალები აშშ-ში გათენებისთანავე ექნება.
„ჩვენს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ჩვენ ვარკვევთ დეტალებს, როგორც კი გვეცოდინება დამატებითი დეტალები, გენერალური საკონსულო, მოგეხსენებათ, დროში სხვაობის გამო, ახლა ღამეა და როგორც კი გათენდება, მერე გენერალური საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ პროცესში და დამატებითი დეტალების მიღებისთანავე გაცნობებთ,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში პოლიციელებმა კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 15 ქართველი დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები.
ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ქართველი სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილიც არიან.