საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, სასამართლოს არგუმენტებმა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში არსებული ეჭვები. კერძოდ, საია-ს შეფასებით, პროცესზე არასწორად იყო განაწილებული მტკიცების ტვირთი, ამასთან ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული ზეწოლა რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით.
„დიდი პალატა საუბრობს, რომ იძულება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მოიშველიებს დეპარტამენტის ანგარიშს, თუმცა ამ ანგარიშში ჩვენ ვნახავთ, რომ საუბარია ზოგადად იმაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა მიმართა პროკურატურას იძულებასთან დაკავშირებით და აქ არ არის მტკიცებით ფორმაში ნახსენები და არც დასკვნა ამასთან დაკავშირებით არ გვხვდება. სასამართლოს, ამ შემთხვევაში, ეს მტკიცებულება არ უნდა მიეჩნია საკმარისად. დიდი პალატა საუბრობს იმაზე, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაუპირისპირა მოსარჩელის მტკიცებულებებს და ფაქტებს თავისი არგუმენტები კვალიფიციურად და ამას წარმოაჩენს დიდი პალატა იმგვარად, თითქოს ასეთ ვითარებაში მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდებოდეს მტკიცების ტვირთისაგან, როდესაც პირიქით არის,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა, ნონა ქურდოვანიძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავს სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განხილვის დროს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა, რეგულაციები გამოიყენა.
„დიდი პალატის მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ, უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე, რომელიც იმავე კატეგორიის დავად შეგვიძლია ჩავთვალოთ, გამოიყენა განსხვავებული რეგულაციები,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.